თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. 1802 გამოკითხული თბილისელიდან 571 – ანუ 31,69% მმართველ პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ენდობა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი მოძრაობა სამშობლოსთვის“ წარმომადგენელმა ედუარდ ნურალიევმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ოთხშაბათს, 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თბილისში სოციოლოგიური გამოკვლევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „დედამიწა ჩვენი სახლია“ და „მრავალეროვანი მოძრაობა სამშობლოსთვის“ ჩაატარეს. გამოკითხვა მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. დროის ამ მონაკვეთში 3785 ადამიანი გამოიკითხა. რესპონდენტებს ორ კითხვას უსვამდნენ – „რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობით?“ და „საზღვარგარეთის ქვეყნების რომელი ლიდერი იწვევს თქვენში ნდობას?“
„სოციოლოგიური გამოკითხვით, ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 31,69%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 4,83%, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 3,94%, „საქართველოს კონსერვატიული პარტია – 0,61%, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 5,83%“, – განაცხადა ნურალიევმა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს: „ეროვნული ფორუმი“ – 2,22%, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 1,83%. გამოკითხულთა 30,8% არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.
უცხოელ ლიდერთა შორის გამოკითხულთა 27,18% უპირატესობას ნდობის თვალსაზრისით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ანიჭებს. მას ხმა 539 ადამიანმა მისცა. პუტინის შემდეგაა აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მას ხმათა 17,35% აქვს (344 ადამიანი). მესამე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მას 131 გამოკითხული, ანუ 6,61% ენდობა.
მსოფლიოს ქვეყნების ლიდერთა სიაში ასევე არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი (6,31%), ბელარუსის – ალექსანდრ ლუკაშენკო (3,71%), თურქეთის – რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, უკრაინის – პეტრო პოროშენკო (3,73%), დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ კემერონი (1,77%) და ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ (0,61%).
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტიების ლიდერებს გამოკითხვის შედეგებს გააცნობენ.