თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯნაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთმა შესაძლოა სრულად გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.
რუსეთთან სავიზო რეჟიმი საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად ჯერ კიდევ 2012 წლის თებერვალში გააუქმა. მიმდინარე წლის 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის აზრით, რუსეთის მთავრობა გადამჭრელი ქმედითი ნაბიჯებისთვის მზადაა, თუმცა, ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზეა დამოკიდებული.
„თუ ჩვენი ხელისუფლება წესიერად მოიქცევა და ისე არ დაელაპარაკება პუტინს, როგორც პატარა სკოლის მოსწავლეს რომ შეაქებენ – სწორი ნაბიჯებით მიდიხარ და კარგად იქცევიო, ასეთ შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ სავიზო რეჟიმი სრულად გაუქმდება“, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პოლიტიკოსის განმარტებით, „რუსეთის მხრიდან მზაობაა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ თუ საქართველოს მხრიდან ზედმეტად თავის დაფასების პოლიტიკა და ისეთი პოზიცია გაგრძელდება, რომ ჩვენ კი არა ლამის რუსებს სჭირდებათ ვიზებს რომ აუქმებენო, მაშინ შესაძლოა, ეს პროცესი შეფერხდეს“.
შეგახსენებთ: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუფორმებენ ნებისმიერი ჯერადობის საქმიან, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარულ ვიზებსა და ასევე კერძო ვიზებს მიწვეულსა და მასპინძელ პირს შორის ნათესაური კავშირის არსებობა–არარსებობის მიუხედავად, ფაქტობრივი მიწვევის საფუძველზე, რომელსაც დადგენილი წესით გასცემენ რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ორგანოები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში საქართველოსთან ორმხრივი უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს.