თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს გადადგომის შესახებ განცხადების უკან გამოწვევას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „უკრაინფორმზე“ დაყრდნობით.
„უმაღლესმა რადამ ოთხი მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებაზე კენჭისყრის გამართვა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, შეიძლება ინდულგენცია მივიღე. მე განცხადების გამოწვევას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან“, – განაცხადა კვიტაშვილმა ჟურნალისტთან საუბრისას.
მისი განმარტებით, იგი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას, მას არ გააჩნია პოლიტიკური ამბიციები და უკრაინაში, როგორც ტექნოკრატი – არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილებით – სამუშაოდ ჩავიდა.
„საბედნიეროდ, ვითარება ოდნავ შეიცვალა, და მეტნაკლები ოდენობით მხარდაჭერას (რადაში – რედ.) ვგრძნობ“, – აღნიშნა კვიტაშვილმა.
მანამდე საპარლამენტო კოალიციის რიგი ფრაქციები ჯანდაცვის სფეროში ”რეფორმების არარსებობასთან დაკავშირებით” მინისტრის თანამდებობიდან კვიტაშვილის გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მინისტრმა განცხადება გადადგომის თაობაზე თავად დაწერა. როგორც კვიტაშვილმა განმარტა, მისი გადადგომის ინიციატივას სამკურნალო საშუალებების შესყიდვის სისტემის რეფორმირების გამო ლობირებენ.