თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვის 11%-ით ზრდა ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამ განაპირობა, განაცხადა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ რესპონდენტთა 54% შეადგინა, რაც 2015 წლის აგვისტოს თვის შედეგებზე 11%–ით მეტია.
„ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ, იმის აღიარებაა, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ბიუროკრატიული ბარიერებით შეზღუდვას, ქართველები კი ნებისმიერ დაფასებას შესაბამისად პასუხობენ“–აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, საქართველოში ევროპის მიმართ პატივისცემა მომვალში უფრო გაძლიერდება და ქართველი ხალხი ალბათ ათმაგად დაუბრუნებს ევროპას იმ დამოკიდებულებას, რომელიც მან გამოიჩინა.
NDI –ს მიერ ასევე გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული კურსი ნატოსკენ, ხოლო 21%–სთვის ეს კურსი არ არის მისაღები. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 9%–ს, პასუხზე უარი თქვა 1%–მა.
რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 24% ისურვებდა რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 8% ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირში, ისე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.
საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზეპირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 1 ათას 881 ადამიანი, ცდომილება შეადგენს +/– 1,8 %–ს.