თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. მიუხედავად პრინციპული განსხვავებებისა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები გააგრძელოს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას ორშაბათს, 21 დეკემბერს.
საქართველომ 2008 წლის აგვისტოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს, თუმცა, არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.
„ჩვენ მზად ვარ რუსეთთან რაციონალური და პრაგმატული ურთიერთობები გავაგრძელოთ და რუსეთისგანაც ანალოგიურ მიდგომას ველოდებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.
„საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული განსხვავებების მიუხედავად, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული წინსვლა მოხერხდა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.