თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ევროკომისიის დადებითი შეფასება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მთავრობის მუშაობის მთავარი შედეგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას ორშაბათს, 21 დეკემბერს.
ევროკომისიამ 18 დეკემბერს, პარასკევს, გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, რის საფუძველზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.
„სახეზეა ჩვენი მუშაობის პირველი ისტორიული შედეგი. ევროპა ჩვენს წარმატებებს მაღალ შეფასებას აძლევს და ჩვენ წინაშე თავის საზღვრებს ფართოდ აღებს. ევროკავშირის პრინციპული თანხმობა ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის წარდგენაზე, ჩვენი მუშაობის შედეგების მაღალი შეფასებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება.
„ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, სწორად ვმართავთ ქვეყანას და ჩვენი მიზნისკენ მივდივართ, რომელიც სამი წლის წინ განვსაზღვრეთ“, – დასძინა პრემიერმა.
საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა (Janos Herman) განაცხადა, რომ ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში ევროპარლამენტს სპეციალურ რეგლამენტს წარუდგენს, რომლის თანამხმადაც ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეყვანას შესთავაზებს, რომელთა მოქალაქეებიც შენგენის ქვეყნებში შესვლისთვის სავიზო პროცედურებისგან გათავისუფლებული არიან.