თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. პირველი ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის, ალექსანდრე როინაშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში 21 დეკემბერს იხსნება.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოწყობილ „კავკასიის მოძრავი მუზეუმის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ალექსანდრე როინაშვილის VII-XIX საუკუნეებით დათარიღებულ საკოლექციო ექსპონატებსა და ასევე მის ფოტონამუშევრებს.
„როინაშვილის სამუზეუმო კოლექცია მოიცავს როგორც ქართულ, ასევე კავკასიურ, ისლამურ, აზიურ და ევროპულ ნივთებს. მათ შორისაა ავტორის მიერ გადაღებული ფოტოები, საომარი-სამხედრო აღკაზმულობები, სპილენძის, ვერცხლის, კერამიკის, ფაიფურისა და ფაიანსის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური ნიმუშები, არქეოლოგიური, ანტიკვარული ნივთები და სხვა“, — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმსა და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
ეროვნულ მუზეუმში ასევე გაიმართება პრეზენტაცია წიგნისა „ალექსანდრე როინაშვილი და მისი მუზეუმი“. გამოცემა მოგვითხრობს, რაოდენ მნიშვნელოვანია ალექსანდრე როინაშვილის სამუზეუმო საქმიანობა ქვეყნისა ისტორიისა და საქართველოს კულტურის განვითარებისათვის.
ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898) დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში დაიბადა. 14 წლის ასაკში ჩამოვიდა თბილისში და ფერწერ-ფოტოგრაფ ხლამოვთან დაიწყო სწავლა და მუშაობა. 1865 წლიდან დამოუკიდებლად გახსნა საკუთარი ფოტოატელიე და სიძველეების შეგროვება დაიწყო. ის მოგზაურობდა და იღებდა საქართველოს ყველა კუთხეს და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს. ამზადებდა რეპროდუქციებს ფრესკებიდან, ქმნიდა ქართულ მატიანეს და ფოტოგრაფიას ეროვნულ იერს სძენდა.
როინაშვილის მიზანი ქართული ეროვნული მუზეუმის გახსნა იყო. ამიტომაც იძენდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნივთებს, იკვლევდა მათ წარმოშობას, აწყობდა კავკასიური სიძველეების გამოფენას და ქმნიდა კავკასიის მოძრავ მუზეუმს, რომლითაც მოგზაურობდა ასტრახანში, სარატოვში, სამარაში, პეტერბურგსა და მოსკოვში.
1875 წელს ალექსანდრე როინაშვილმა დაბეჭდა შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ფრესკების რეპროდუქციები და უფასოდ გაავრცელა მთელ საქართველოში.
1880 წელს ის დაღესტანში გაემგზავრა, სადაც რვა წელი ცხოვრობდა. ამ ხნის განმავლობაში როინაშვილი აგროვებდა ისტორიულად ღირებულ და საინტერესო ნივთებს. მალე მას პეტერ ბურგის საიმპერატორო არქეოლოგური საზოგადოების წევრობა შესთავაზეს. მოგვიანებით სწორედ ამ საზოგადოების დაკვეთით შექმნა ფოტოალბომი „კავკასიური ხედები და ტიპაჟები“, რისთვისაც უმაღლესი საიმპერატორო ჯილდოები გადაეცა.
სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრე როინაშვილმა თბილისში პირველი ფოტოსკოლა გახსნა, სადაც უფასოდ ასწავლიდა ახალგაზრდობას ფოტოხელოვნებას. იმავდროულად განაგრძობდა ქართული ხელოსნობის ნიმუშების შეგროვებას და იბრძოდა ეროვნული ხუროთმოძღვრების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.