უნიკალური ეთნოგრაფიული მუზეუმი ანუ ,,ცოცხლად“ წარმოდგენილი ტრადიცია

© კადრი გადაცემიდან "იმედის გმირები"ქემალ თურმანიძე თავის ნამუშევრებთან
ქემალ თურმანიძე თავის ნამუშევრებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქემალ თურმანიძის ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალ საგამოფენო სივრცეში იანვრიდან გაიხსნება.

 თეონა გოგნიაშვილი

 ახალი წლიდან აჭარას უნიკალური ეთნოგრაფიული ადგილი შეემატება. ეს  არის ერთი ადამიანის, ნიჭიერი თვითნასწავლი ხელოვანის, ქემალ თურმანიძის მუზეუმი, რომელსაც საქართველოში (შესაძლოა, მსოფლიოშიც) ანალოგი არა აქვს. 

© ბ. ქარტენაძექემალ თურმანიძე - დურგალი
ქემალ თურმანიძე - დურგალი - Sputnik საქართველო
ქემალ თურმანიძე - დურგალი

  იმ დროს, როცა ევროპას მადამ ტუსოს ცვილის ფიგურები აოცებს, შესაძლოა, ბატონი ქემალის მიერ შექმნილმა სამყარომ მასზე კულტურული შოკისმაგვარი ეფექტიც მოახდინოს. აქ შესაბამისად გამოწყობილი მანეკენები, უფრო სწორედ, ნატურალური ზომის ფიგურები საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული რეწვის სახეობებსა და ხელობებს დინამიკაში,,ცოცხლად“ წარმოადგენენ. აქ ყველა და ყველაფერი,,მოძრაობს“: დურგლები ხეს „ამუშავებენ“,  ფეიქარი ქალები მატყლს,,ჩეჩავენ“, მჭედლები და ქვის მთლელები ჩვენს თვალწინ დაამუშავებენ ლითონსა და ქვას. მონადირეები, მეფუტკრეები, მეთევზეები, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ქართული ოჯახი, მათთვის ჩვეულ გარემოში,  ჩვენს თვალწინ,,ცხოვრობს“. ყველაფერი ეს კი გაფორმებული შესაბამისი, თემატური მუსიკით. ერთი სიტყვით, ესაა მოგზაურობა წინა საუკუნეებში, 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ქართული ხალხური რეწვის, ტრადიციის ისტორია და ბევრიც სხვა რამ, უცნაური და იშვიათი… ასე რომ, ეს ადგილი მსოფლიოში მრავლად არსებულ მოსაწყენ მუზეუმთა კატეგორიაში ნამდვილად არ აღმოჩნდება.

© ბ. ქარტენაძექემალ თურმანიძე - დურგალი
ქემალ თურმანიძე - დურგალი - Sputnik საქართველო
ქემალ თურმანიძე - დურგალი

 ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო, როცა 21 წლის ბიჭი აჭარის ქედის რაიონის სოფელ ნამონასტრევიდან თბილისში, ინდუსტრიულ ტექნიკუმში სასწავლებლად ჩამოვიდა და ლოტკინის დასახლებაში 14 კვადრატული მეტრი ოთახი იქირავა. სწავლის დროს მის მიერ დამზადებული პირველივე ხელნაკეთი ნივთი ტექნიკუმის სამხატვრო საბჭომ მოიწონა. სტუდენტმა ის 128 მანეთად გაყიდა და იმ ფულით ბინის ქირა გადაიხადა. მას მერე არც გაჩერებულა: ხან ძველი ნივთების ასლებს, ხანაც მისი ფანტაზიით მოგონილ ნაკეთობებს ამზადებდა. რაიონში ჩამოსული სოფელ-სოფელ დადიოდა და ხმარებიდან გამოსული, არავისთვის საჭირო ნივთები სახლში მოჰქონდა. მაშინ მუზეუმის შექმნაზე არც ფიქრობდა. ჩემი მონათხრობი ლირიკა რომ არ არის, ამაში, ახალი წლიდან მისი მუზეუმის სტუმარი თავად დარწმუნდება:

 —ბატონო ქემალ, ალბათ პირველი მუზეუმის დირექტორი იქნებით მსოფლიოში, რომელიც სამუზეუმო სივრცეში მხოლოდ მის აღმოჩენილ და საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთებს გამოფენს…

 —ასე გამოდის… ყოველთვის მომწონდა ძველი ნივთები, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვაგროვებდი. ბევრი რამ მაქვს მოძიებული: ბავშვის ძველი სათამაშოები, კერამიკული ნაწარმი, ერთხელ ოსმალეთის ბატონობის დროინდელი წყალგაყვანილობის მილები ვნახე, სოფელ ღორჯოდან წამოღებული ურმის ბორბლები, რომლითაც ადრე ბათუმში ჩამოდიოდნენ, სხვადასხვა დროისა და ქვეყნის ფული მაქვს. მამა დურგალი იყო და სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებდა. ესეც დამეხმარა იმაში, რომ სადურგლო საქმე შემესწავლა. დამზადებული მაქვს საქართველოს სხვადასხვა ადგილისთვის დამახასიათებელი სახლებისა და ბათუმში მოქმედი სალოცავების მაკეტები მუსიკალური ფონების თანხლებით და ჩემი ფანტაზიით შექმნილი საგნები. მაგალითად ჩემი თემატური ნამუშევრებია სხვადასხვა ფორმის სასმისები, რომლითაც სხვადასხვა სადღეგრძელოები უნდა შეისვას. ეს ყველაფერი ჩემს კოლექციაშია. 

© ბ. ქარტენაძექემალ თურმანიძე - დურგალი
ქემალ თურმანიძე - დურგალი - Sputnik საქართველო
ქემალ თურმანიძე - დურგალი

  —ვიცი, რომ თქვენი კოლექციის სიამაყეს 4 საუკუნის წინანდელი ნივთები წარმოადგენს…

 - ესაა მე-18-ე საუკუნის სკივრი და ფირუზისთვლიანი ქამრები, რომლებიც მე- 18-ე საუკუნის ოქრომჭედლობის იშვიათი ნიმუშია. ამ ნივთებს შორის ყველაზე ძვირფასი 1812 წლის მოოქროვილი ფარდაგია, ასეთი რამ ბევრ მუზეუმს არა აქვს. 

 - არქეოლოგიური ნივთების გარდა იშვიათი ნუმიზმატიკური ნიმუშებიც გაქვთ…

 —დიახ, ჩემს კოლექციაში სხვადასხვა ეპოქის და ქვეყნის ფულია: ამიერკავკასიის ერთმილიარდიანი კუპიურა, ეკატერინესა და პეტრეს პერიოდის მონეტები, დენიკინის დროინდელი ფული, 1903 წლის 3 მანეთიანი, 1898 წლის მეფის რუსეთის ფული და ბევრი სხვა.

 -რომელი ექსპონატის აღმოჩენამ  გაგაოცათ?

 — ძალიან გამიკვირდა, როცა 1812 წლის ნაპოლეონის გამოსახულებიან ცხენის მოსართავს და 1910 წლის რუსეთის ჯარის მოწვევას, ე.წ.,,პავესტკას“ წავაწყდი. 

 — ხომ არ გაგვიმხელდით რა გაკეთდა ახალ ტერიტორიაზე?

 -მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ტერიტორია შემოვღობე, წინა მხარეს ბუნებრივი ქვისგან გალავანი გავაკეთე და ჩემი ნახაზით დამზადებული ჭიშკარი ჩამოვკიდეთ. ტერიტორიაზე 5 მეტრნახევარი სიმაღლის ჩანჩქერი გავაკეთე. 60 კვ. მ. ფართობის საგამოფენო დარბაზი-გალერეა მოვაწყვე. მარტო 50 კვ.მ. უკავია,,აკვნების გალერეას“, სადაც სხვადასხვა ადგილზე მოძიებული 15 ძველი აკვანია, აქ იქნება აკვნის მკეთებლების მანეკენები. 80 კვ. მეტრი მეხილეობის დარგისთვის გამოვყავი, სადაც 16 სხვადასხვა ჯიშის ხეხილი დავრგე, რომელიც ნაყოფს უკვე იძლევა. 30 კვ.მეტრის ცალკე შენობაში განთავსდება კერამიკის, თიხის ნაწარმისა და ქვის მთლელის სახელოსნოები. ამ ტერიტორიაზე არსებულ შენობას სარემონტო სამუშაოები ჩავუტარე და ამჟამად აქ ეზოს ბილიკებისა და სავალი გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ყველაფერი ეს ყოველგვარი მეცენატის გარეშე, სესხით და მხოლოდ ოჯახის თანადგომით მაქვს გაკეთებული. ობიექტი მალე უნდა დასრულდეს, რადგან ეკონომიკის სამინისტროსა და ჩემს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ობიექტი დეკემბერში სრულად უნდა ჩავაბარო.

© ბ. ქარტენაძექემალ თურმანიძე - ოჯახი
ქემალ თურმანიძე - ოჯახი - Sputnik საქართველო
ქემალ თურმანიძე - ოჯახი

 ახალი წლიდან  ბათუმში თუ ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ქემალ თურმანიძის მუზეუმს, რომელიც გაზაფხულზე საქართველოს ტურისტულ მარშრუტშიც შევა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი ერთი კაცის შეგროვებული, ნაფიქრი და ნახელავია და იმისი მაგალითია, სინამდვილეში როგორ უნდა გიყვარდეს ის, რასაც ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება…

© photo: courtesy of Kemal Turmanidzeეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"
ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო - Sputnik საქართველო
ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"

ყველა ახალი ამბავი
0