თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik.საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში გამგზავრებამდე სადაზღვევო პოლისები ქართულ სადაზღვევო კომპანიებში უნდა შეიძინონ,–განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გიორგი გიგოლაშვილმა.
„ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობისას სადაზღვევო პოლისები უნდა გააჩნდეთ, ეს ევროკავშირის მოთხოვნაა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული, სამედიცინო დაზღვევა უცხოეთის ვიზების მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩაამონათვალში შედის და ეს იმისთვის კეთდება, რომ მიმღებ სახელმწიფოს ბიუჯეტს იქ ჩასული საქართველოს მოქალაქე ტვირთად არ დააწვეს“, – განაცხადა გიორგი გიგოლაშვილმა.
მისი თქმით, ევროპაში წამსვლელებს საქართველოში პოლისის შეძენა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაში შეუძლიათ და ეს მათ საშუალოდ დღეში სულ რაღაც 1 აშშ დოლარი დაუჯდებათ. ხოლო ხანგრძლიივი ვადით გამგზავრების შემთხვევაში კი გარკვეული ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ქართულ კომპანიებსაც წაადგებათ, რადგან როგორც გიორგი გიგოლაშვილმა აღნიშნა „მეტი დაზღვეული სადაზღვევო კომპანიებისთვის მეტად დივერსიფიცირებულ პორტფელს და მეტ შემოსავალს ნიშნავს“.
ევროკომისიას არ დაუთვლია საქართველოსა და უკრაინის რამდენი მოქალაქე ჩავა ევროკავშირში ვიზების გაუქმების შემდეგ, მაგრამ თვლის, რომ სტუმრების დიდი ნაკადი მხოლოდ დაადასტურებს თანამშრომლობის ეფექტურობას, განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქოების საკითხებში დმიტრის ავრამოპულოსმა.
მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ყველა ვალდებულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს ნორმატიულ წინადადებებს, რათა ისინი ჩართოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ. ამასთან ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.