თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისიას არ დაუთვლია საქართველოსა და უკრაინის რამდენი მოქალაქე ჩავა ევროკავშირში ვიზების გაუქმების შემდეგ, მაგრამ თვლის, რომ სტუმრების დიდი ნაკადი მხოლოდ დაადასტურებს თანამშრომლობის ეფექტურობას, განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქოების საკითხებში დმიტრის ავრამოპულოსმა.
მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ყველა ვალდებულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს ნორმატიულ წინადადებებს, რათა ისინი ჩართოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ. ამასთან ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.
„ჩვენ არ ვართ ტურისტული სააგენტო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისეთები ვინც ტურიზმისა და სწავლებისათვის ჩამოვლენ — ბევრნი იქნებიან. რაც უფრო მეტი ჩამოვა, ჩვენ უფრო მეტად დავამტკიცებთ ჩვენი თანამშრომლობის წარმატებულობას. ჩვენ მათ მივესალმებით ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“, — თქვა ავრამოპულოსმა ჟურნალისტებთან როცა პასუხობდა კითხვაზე — აქვს თუ არა ევროკავშირს დათვლილი რა რაოდენობის სტუმრები ჩავლენ საქართველოდან და უკრაინიდან ვიზების გაუქმების შემდეგ.