თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საქართველოს როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი ხელისუფლების დიდი გამარჯვება უწოდა.
ევროკომისიამ პარასკევს, 18 დეკემბერს გამოაქვეყნა დადებითი მოხსენება, საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების შესახებ.
"დღეს არის 18 დეკემებრი, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ საშემოდგომო სესიას ვხურავთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ დღეს ცნობილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ამბავი იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება. უვიზო მიმოსვლა სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს და არა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც საზღვრებს აგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გილოცავთ ყველას. ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს. ტექნიკურად, კიდევ დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, მანამ სანამ თითოეული ქართველი ღირსეულად თავაწეული იმოგზაურებს ევროპაში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლების, ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის, რომლებმაც იშრომეს ამ მიმართულებით”, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ევროკომისიის მოხსენება ვიზების ლიბერალიზაციაზე სამშაბათს, 15 დეკემბერს გამოქვეყნდებოდა, მაგრამ პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოხსენების გამოქვეყნების გადადება საქართველოსაგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა.