თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ქართველ სამხედროებს, რომლებმაც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია დაასრულეს, ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური პარასკევს, 18 დეკემბერს.
სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მონიტორინგი პროექტის — „მხარი მხარს“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2015 წელს შიქმნა. ფსიქოლოგიური დახმარებით არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ.
„თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ზრუნავს თავის სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ. მათზე მზრუნველობის კუთხით ჩვენი პროექტი — „მხარი მხარს“ გვეხმარება“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და მხარდაჭერის ცენტრის უფროსმა ნანა მამულაშვილმა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების სკრინინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად აპრობირებული პროტოკოლის მიხედვით განხორციელდა. აღნიშნული მონიტორინგი იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს პოსტტრამვული სტრესი ან რამე სხვა პრობლემა შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით, აღნიშნავენ სამინისტოში.
ქართველი სამხედროები 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ არა საბრძოლო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ — ავღანეთის სახელისუფლებო ძალებისათვის სწავლებისა და დახმარების გაწევის მიზნით. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, რომელიც არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს და მიუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა.