თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა, განაგრძოს მონაწილეობა ავღანეთში ნატოს მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს მინისტერიალზე, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არასაომარ მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ, რაც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და მათ დახმარებას მოიაზრებს. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა.
„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის მზადყოფნა გააგრძლოს საკუთარი წვლილის შეტანა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახლავთ ალიანსის საიმედო პარტნიორი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე ნატომ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაძლიერების მიზნით, 2016 წელს სამშვიდობო მისიის განგრძობას დაუჭირა მხარი.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, რომელიც 2004 წლიდან უფრო ინტენსიური გახდა.