თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა Fox News–ის ეთერში ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და პირადად ჯონ კერი ვლადიმირ პუტინის „ხელშეწყობისთვის“ გააკრიტიკა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
კერძოდ, თავისი ანტირუსული პოზიციით ცნობილმა პოლიტიკოსმა კერის მოსკოვში ვიზიტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
„სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მხრიდან ეს ყველაზე შესანიშნავი კომენტარებია, რაც ცხოვრებაში მომისმენია: ახლა თავიდან აღარ უნდა მოვიშოროთ ასადი, რუსებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობებს მოვაგვარებთ“, – განაცხადა სენატორმა.
„ეს ვლადიმირ პუტინის ხელშეწყობაა, რომლის ანალოგიც არც ერთი პრეზიდენტის დროს არ მინახავს“, – განმარტა მან.
ასევე მაკკეინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ–ის საბიუჯეტო გეგმა, რომელიც რუსული წარმოების სარაკეტო ძრავების ქვეყანაში შემოტანაზე აკრძალვას აუქმებს. მისი აზრით, ამის გამო „პუტინი და მისი თანამზრახველები“ „ათეულობით მილიონ დოლარს“ მიიღებენ.
ჯონ კერიმ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მთავარი თემა სირიის კრიზისის მოგვარების საკითხზე მსჯელობა იყო. როგორც ჯონ კერიმ აღნიშნა, ვაშინგტონი მზადაა, მოსკოვთან ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხებში ითანამშრომლოს.
სენატორი მაკკეინი რუსეთის მიმართ აგრესიულად არაერთხელ გამოსულა. კერძოდ, ამა წლის ოქტომბერში ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მზარდი ზეგავლენის კომენტარისას მან ვაშინგტონს მოუწოდა, „არ დაუშვას“, რომ პუტინმა რეგიონში პოზიციები გაიმყაროს.