თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ნავთობპროდუქტების ხარისხზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასა (ნია) და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის შესახებ, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მემორანდუმზე ხელმოწერა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და სახელმწიფომ უკეთესი გარემოს შესაქმნელად, ერთობლივი, ქმედითი ნაბიჯები გადადგან, განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
მემორანდუმი ნავთობპროდუქტების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ძალისხმევას გააერთიანებს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, ასევე დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ გარემოს.
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 2015 წლის 11 თვეში 939,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 143,3 ათას ტონაზე მეტია.
მათ შორის, ბენზინის იმპორტმა 399,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63,8 ათას ტონაზე მეტია, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 540,7 ათასი ტონა, რაც 2014 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდთან შედარებით 79,5 ათასი ტონით მეტია, განაცხადეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.