თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი თვლის, რომ თუ ქართველი დეპუტატები საერთაშორისო ტრიბუნებზე უარს იტყვიან რუსოფობიული გამონათქვამებზე, ეს ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, მათ შორის ვიზების საკითხის ლიბერალიზაციას, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ 2008 წლის მოვლენებსა და ორმხრივი ურთიერთობების „დეგრადაციაში“ ბრალი სრულად საქართველოს ხელისუფლებას მიუძღვის. რუსეთის ფედერაცია არ იყო ურთიერთობების რღვევის ინიციატორი, მაგრამ მზად არის აღადგინოს ეს ურთიერთობები, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
„მე, როგორც პარლამენტარს მინდა, რომ ქართულმა საპარლამენტო დელეგაციებმა უარი თქვან რუსაფობიაზე საერთაშორისო ტრიბუნებზე. სამწუხაროდ იქ, განსაკუთრებით სააკაშვილის პარტიის მხრიდან, ხშირად ვხედავთ ამ ისტერიულ გამოხდომებსა და ბრალდებებს“, — უთხრა პუშკოვმა ჟურნალისტებს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ქართული პარტიები მოუწოდებდნენ თავიანთ დეპუტატებს “დაიცხრონ ემოციები და განცხადებები აკეთონ არა საკუთარი სიმპატიებიდან და ანტიპატიებიდან გამომდინარე, არამედ თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.
„ქართული პოლიტიკური კლასი თუ მოუწოდებდა თავის წარმომადგენლებს შეემცირებინათ ანტირუსული რიტორიკა და გამოხდომები საერთაშორისო ტრიბუნებზე, ესეც ხელს შეუწყობდა ურთიერთობების ნორმალიზების სწრაფ გადაწყვეტას რუსეთსა და საქართველოს შორის და კერძოდ ვიზების გაუქმებას“, — განაცხადა მან.