ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-მდე გაზარდა

© https://www.facebook.com/nbg.gov.ge/სებ
სებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის, აცხადებს ეროვნული ბანკი.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 16 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0% შეადგენს.

 ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 4 ნოემბერს ასევე 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა 7,5%  წლიურ განაკვეთამდე. 

 „მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად უნდა აისახოს ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

 თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5 პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება, აღნიშნავს რეგულატორი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაციამ 1% შეადგინა

 საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0