თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთხშაბათს, 16 დეკემბერს.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დააარსა და 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, 2013 წლის ბოლოს, საქართველოს ახალი პრეზიდენტის — გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდგომ, თავისი სურვილით დატოვა ეს თანამდებობა და სამოქალაქო სექტორში გადავიდა, სადაც შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“.
„ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და რაიმე თანამდებობის დაკავებას, მაგრამ ის წინასაარჩევნო პროცესებში იქნება პოლიტიკური პარტიების გვერდით, რომლებიც არიან კოალიციის ნაწილი. ჩემთვის არ არის "ქართული ოცნების" კოალიციის საარჩევნო სია ცნობილი. როდესაც იქნება სია ცნობილი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიაში მინიმუმ ორი ქალი მაინც იქნება ყოველ ხუთ კანდიდატში. ეს არის ჩემი ძალიან დიდი "ქართული ოცნება", — აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 2012 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ჩაანაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ იგი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მართვას კულისებიდან.