თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება, განუცხადა ჟურნალისტებს სამშაბათს, 15 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დააფუძნა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ და 2012 წელს საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა ეკავა, 2013 წელს, კოალიციის გამარჯვებული კანდიდატის, საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, სამოქალაქო სექტორში გადავიდა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააარსა.
„ბატონი ბიძინა, როგორც თავად დაგვპირდა, ჩვენს ღონისძიებებში ძალზე აქტიურად ჩაერთვება, განსაკუთრებით ახალი წლიდან“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ.
ამასთან, კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და არჩევნებში შესაძლო მონაწილოებას არ ადასტურებენ.
„ბატონ ბიძინას სიაში ყოფნა არ სჭირდება, რომ თავისი მაღალი ავტორიტეტით „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.
მაჟორიტარ კანდიდატთა სიას საქართველოს ამომრჩეველი მომავალი წლის გაზაფხულზე გაეცნობა, ხოლო ვინ მოხვდება საარჩევნო სიებში, არჩევნებამდე 40–50 დღით ადრე გახდება ცნობილი, აღნიშნა ჩაფიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ შეცვალა.
მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის ქვეყნის მართვას კულისებიდან კვლავ აგრძელებს.