თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან თავისი კონფლიქტის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ინციდენტი ჩინოვნიკებს შორის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა.
ვიდეოში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ოდესის ოლქის გუბერნატორს უცხადებს, რომ მისი ბრალდებები მთავრობის წევრების კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, დასცინის ოდესის გუბერნატორს, სააკაშვილს „ქურდს“ უწოდებს და მისგან „მოკეტვას“ მოითხოვს.
სააკაშვილი, თავის მხრივ, შს მინისტრს ეუბნება, რომ პირადად აპირებს დაამტკიცოს, რომ ქურდი თავად ავაკოვია, ხოლო უკრაინის მთავრობა ქვეყანაში კორუფციას ხელმძღვანელობს. მცირე შეხლა–შემოხლის შემდეგ ავაკოვი წინ მდგარ წყლიან ჭიქას იღებს და სააკაშვილის მიმართულებით ისვრის, რომლის დროსაც წყლის წვეთები ესხმებათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლიმკინსა და იუსტიციის მინისტრს პაველ პეტრენკოს. ინციდენტის შემდეგ სხდომაზე მყოფნი იშლებიან.
ორ პოლიტიკოსს შორის ინციდენტი გუშინ მოხდა. ავაკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილს შეურაცხყოფისთვის სახეში წყალი შეასხა. მისი ვერსიით, „ბატონმა სააკაშვილმა, პასუხად ჩემს კითხვაზე, თუ რატომ ურთიერთობს რუს ოლიგარქთან „ურალხიმიდან“ და რა კავშირშია ეს საპორტო ქარხნის პრივატიზაციასთან – საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა“. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში იძარცვება სახელმწიფო საწარმოები და ავაკოვს უკრაინაში შეიარაღებული ფორმირებების გაუმჭვირვალე დაფინანსებაში და მისი უწყების კორუფციაში დასდო ბრალი. გუბერნატორის თქმით, ავაკოვმა და პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.