თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „სახალხო–რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ მძაფრად გააკრიტიკა ქვეყნის მთავრობა, რომლის მიზეზითაც მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთსა და ერაყთან ურთიერთობები გაუარესდა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„იმის მაგივრად, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობები შეგენარჩუნებინათ, თქვენ იწყებთ ჩხუბს, მერე კი მის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობთ, რითაც ქვეყანას მტრებს სძენთ. თქვენ თურქეთის ყველა მოწინააღმდეგეს ერთ ბანაკად აერთიანებთ და ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერ ფრონტს ქმნით“, — განაცხადა ქილიჩდაროღლუმ გაზეთ Hurriyet–ისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც რუსეთ–თურქეთის კრიზისზე საუბრობდა.
მან ასევე მძაფრად გააკრიტიკა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება ერაყში სამხედრო კონტინგენტის შეყვანის გამო.
„მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერაყში ჯარები განეთავსებინათ, მაგრამ მის ცენტრალურ ხელისუფლებას ამის შესახებ არც კი აცნობეს. თქვენ ისე განათავსებთ ჯარებს იქ, თითქოს ამას საკუთარ ქვეყანაში აკეთებდეთ. ეს დაუშვებელია“, — თქვა ოპოზიციონერმა.
შეგახსენებთ: ერაყის ხელისუფლების განცხადებით, 4 დეკემბერს თურქი სამხედროები და მათი ჯავშანტექნიკა ერაყის პროვინცია ნაინავაში შევიდნენ. ერაყის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა თურქეთის ქმედებას „მტრული ნაბიჯები“ უწოდეს.
შაბათს ერაყმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში წერილი გაგზავნა და მოითხოვა, აიძულონ თურქეთი, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი არმია ერაყის ტერიტორიიდან, შეაფასა რა თურქეთის ქმედება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეშ დარღვევად. აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა მსოფლიო ორგანიზაციაში სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ ერაყის წერილს უსაფრთხოების საბჭოს გააცნობს.