თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ნატოს შეუძლია უკრაინა ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის 2016 წლის ვარშავის სამიტზე მიიწვიოს, — განაცხადა უკრაინაში ნატოს ინფორმატიზაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის დირექტორმა ნატალია ნემილევსკაიამ, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„2016 წლის ივლისში ნატოს სამიტი გაიმართება. უნდა მოვიფიქროთ, როგორ ჩავრთოთ უკრაინა ამ პროცესში, რისი შემოთავაზება შეუძლია უკრაინას ამ სამიტზე… ჩვენ ბევრი ამოცანა გვაქვს, რომლებიც ეფუძნება საკითხს, როგორ შევცვალოთ ჩვენი — [უკრაინა–ნატოს] ურთიერთობები, როგორ შევძინოთ ღრმა შინაარსი, როგორ ვიმუშაოთ საზოგადოებასთან, რომელსაც ნატო აღარ მიაჩნია აგრესორად და მტრად“, — ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო „უნიანი“.
უკრაინის უმაღლესმა რადამ გასული წლის დეკემბერში ორ კანონში შეიტანა ცვლილება, რითაც უარი თქვა სახელმწიფოს ბლოკგარეშე სტატუსზე. ცოტა ხნის წინ დამტკიცებული სამხედრო დოქტრინა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კურსის აღდგენას ითვალისწინებს. უკრაინამ 2020 წლისთვის სრულად უნდა შეუსაბამოს
საკუთარი შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრი– სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს. ექსპერტების ვარაუდით კი, უკრაინა ნატოს წევრი უახლოეს 20 წელიწადშიც ვერ გახდება.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქცვეყანას ნატოში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარება შვიდი წლის შემდეგ შეეძლება. ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.
ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აიღეს ვალდებულება, რომ საქართველოსა და უკრაინას წინასწარ განუსაზღვრელ პერიოდში მიირებენ ალიანსის სრულუფლებიან წევრებად.