თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულებასთან დაკავშირებით, დადებითი იქნება, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს, 15 დეკემბერს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. დასკვნის გადავადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა მხარეებთან გრძელდება და რომ დასკვნა ვიზების გაუქმების საკითხში მიღწეული პროგრესის თაობაზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა არის დადებითი და დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც იქნა გაცხადებული ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის მიერ, წლის ბოლომდე დასკვნა გამოქვეყნდება, შეიძლება უფრო ადრეც“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკომისიის წინა დასკვნის თანახმად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი ჰქონდა შესრულებული. ეს ეტაპი თავშესაფრის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებს მოიცავს.