თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ევროკომისიის მოხსენების გამოქვეყნება საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ქართული მხარის გამო არ გადადებულა, განაცხადა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ.
მანამდე არსებული ინფორმაციით, მოხსენებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამშაბათს, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ მოხსენების გამოქვეყნების ვადის გადაწევაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ევროკომისია აგრძელებს მუშაობას და მოხსენება, სავარაუდოდ, ამ თვეში, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
„არაფერი შეცვლილა, (ანგარიშის გამოქვეყნება) ქართული მხარის მიზეზით არ გადადებულა… ერთდროულად რამდენიმე მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს. კომისია მიიჩნევს, რომ მათი ერთდროულად გამოქვეყნება მთელ პროცესს ერთიანად წარმართავს“, – განაცხადა ნატალი საბანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში.
საბანაძე დარწმუნებულია, რომ ევროკომისიის მოხსენება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ დადებითი იქნება. „ველოდებით, რომ 2016 წლის რაღაც პერიოდში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ იმოგზაურებენ“, – აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2015 წლის ბოლოს – 2016 წლის დასაწყისში ამოქმედდება.