თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ჩრდილოეთ ერაყში გაძლიერებული სამხედრო კონტინგენტი თურქი ინსტრუქტორების დაცვის მიზნით განათავსა და მათ იქიდან გამოყვანას არ აპირებს, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ ბაშიკის ბანაკზე შეტევის ასაცილებლად აუცილებელი ზომები მივიღეთ. თურქი სამხედროები იქ დარჩებიან. რეორგანიზაცია ჩავატარეთ და ბანაკის დასაცავად დამატებითი ძალები გავგზავნეთ. საომარ მოქმედებებში ჩვენი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ. ისინი ერაყში მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივების გასაწვრთნელად იმყოფებიან. მათი იქ ყოფნის კანონიერება განხილვას არ ექვემდებარება“, — განუცხადა დავუთოღლუმ ტელეარხ A Haber–ს.
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, 4 დეკემბერს თურქი სამხედროები და მათი ჯავშანტექნიკა ერაყის პროვინცია ნაინავაში შევიდნენ. ერაყის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა თურქეთის ქმედებას „მტრული ნაბიჯები“ უწოდეს.
შაბათს ერაყმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში წერილი გაგზავნა და მოითხოვა, აიძულონ თურქეთი, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი არმია ერაყის ტერიტორიიდან, შეაფასა რა თურქეთის ქმედება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეშ დარღვევად. აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა მსოფლიო ორგანიზაციაში სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ ერაყის წერილს უსაფრთხოების საბჭოს გააცნობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იბრაჯიმ ალ–ჯაფაარისთან თურქული ჯარების ერაყის ტერიტორიაზე შესვლის თაობაზე ისაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. მისმა მოადგილემ, გენადი გატილოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი უკანონოდ მიიჩნევს თურქეთის ქმედებას, და რომ ამ შეჭრას არანაირი გამართლება არ აქვს.