თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არაბული რესპუბლიკის ტერიტორიიდან საკუთარი ჯარების გაყვანაზე იტყვის უარს, ერაყის ხელისუფლება გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და არაბული სახელმწიფოების ლიგას მიმართავს და გარდა ამისა, დააწესებს ეკონომიკურ სანქციებს, — შეატყობინა სააგენტო Sputnik–ს წყარომ ერაყის მთავრობაში.
„ქვეყნის მთავრობა მიმართავს გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და არაბული სახელმწიფოების ლიგას, და ასევე ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს თურქეთს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი უარს იტყვის კეთილმეზობლური ურთიერთობების პატივისცემაზე და არ გაიყვანს [ჯარებს] ერაყის ტერიტორიიდან“, — შეატყობინა სააგენტოს წყარომ.
ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, 4 დეკემბერს თურქეთის სატანკო ბატალიონი ერაყის პროვინცია ნაინავაში შევიდა. მიზეზად მათ ტერორისტულ დაჯგუფებებთან მებრძოლი ქურთული სახალხო რაზმების მომზადება დაასახელეს. ერაყის დიპლომატიურმა უწყებამ და თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის საჯარისო ნაწილების ერაყში შესვლას „მტრული ნაბიჯი“ უწოდეს, რომელიც არ ყოფილა შეთანხმებული ქვეყნის ხელისუფლებასთან.
მანამდე ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აჰმედ ჯამალმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ მიუხედავად ერაყის სუვერენიტეტისა და კეთილმეზობლობის პრინციპის დარღვევისა, მისი ქვეყანა თურქეთს კვლავ უმთავრეს პარტნიორად განიხილავს.
კვირას ერაყის პრემიერ–მინისტრმა ჰაიდერ ალ–აბადიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ინარჩუნებს უფლებას, მიმართოს ნებისმიერ ზომას, მათ შორის, მიმართოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, თუ თურქეთის ჯარები 48 საათში არ დატოვებენ ერაყის ტერიტორიას. ულტიმატუმის ვადა დღეს, 8 დეკემბერს იწურება.