პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

© photo: Sputnik / Valery Shustov / გადასვლა მედიაბანკშისოფიას ტაძარი
სოფიას ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობის გამტკიცებისა და უსაფრთხოების პრობლემატიკის თემებზე მსჯელობას აპირებენ.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინას პირველი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. 

დუდას ვიზიტის პროგრამა უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს. მხარეები საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობის გამტკიცებისა და უსაფრთხოების პრობლემატიკის თემებზე მსჯელობას აპირებენ.

ეს არ არის პირველი შეხვედრა

პოროშენკოს აგვისტოში დუდასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, როდესაც მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. ორმა პრეზიდენტმა ასევე იმსჯელა დონბასის კონფლიქტზე. გარდა ამისა, დუდამ პოროშენკო დაარწმუნა, რომ პოლონეთი ევროპული რეფორმების გატარებაში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას  გააგრძელებს. 

ვარშავა - Sputnik საქართველო
ანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

2014 წლის გაზაფხულზე მედიასაშულებებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოსდა, მაისში დუდასა და მის უკრაინელ კოლეგას შორის, პოროშენკოს ვარშავაში ვიზიტის დროს, შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა, შეხვედრა, პოლონეთის პრეზიდენტის დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ შედგა.

პოროშენკოსა და დუდას პირველი შეხვედრა ნიუ–იორკში, გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მიმდინარეობისას სექტემბერში გაიმართა. შეხვედრისას დუდამ უკრაინის ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა დონბასის ვითარების მოგვარებისა და მშვიდობის დამყარების საკითხში და ყურადღება გაამახვილა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის „გაყინვის“ დაუშვებლობაზე. 

 „ნორმანდიული ფორმატის“ შეცვლა

დუდა იმ შეხვედრაზე ასევე აღმოსავლეთ უკრაინის ვითარების მოგვარების „ნორმანდიული ფორმატის“  (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი) გაფართოების წინადადებით გამოვიდა. „ვერ წარმომიდგენია, რომ მასში არ მონაწილეობდნენ ძლიერი ერვოპული სახელმწიფოები. ასევე შეიძლება აშშ–ის, როგორც მსოფლიო ზესახელმწიფოს ჩართვა, რომელსაც რუსეთმა ანგარიში ნამდვილად უნდა გაუწიოს, ასევე უკრაინის მეზობლების ჩართვაც, რომლებიც უშუალოდ არიან დაინტერესებული იქ განვითარებული მოვლენებით“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 

მოგვიანებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ განაცხადა, რომ დუდას მოსაზრება „ნორმანდიული ფორმატის“ გაფართოების შესახებ „წარუმატებელი განცხადებაა“. „შესაძლოა, ეს ფორმულა იდეალური არ არის და მოლაპარაკებები არც თუ სწრაფად მიმდინარეობს, რომ სხვა ალტერნატივა არ არის“, – ასეთი კომენტარი გააკეთა სხეტინამ პრეზიდენტის სიტყვებზე.

პოროშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების რაიმე სხვა ფორმატს არ მიესალმება და „ნორმანდიული ფორმატი“ ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური და ქმედითია.

ექსპერტები რეზონანსულ განცხადებებს ელოდებიან, მაგრამ არა – რეალურ წინსვლას

უკრაინელი ექსპერტი, პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი რუსლან ბორტნიკი მიიჩნევს, რომ დუდა პოროშენკოსთან შეხვედრაზე საკითხს დონბასის მოლაპარაკებების ფორმატის თაობაზე კვლავ წამოწევს.

„სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ გაძლიერებულ საუბარს „მინსკის ფორმატის“ (კონფლიქტის მხარეები რუსეთისა და ეუთოს შუამდგომლობით) შეცვლასა და  უკრაინული კრიზისის მოგვარებაში პოლონეთის მონაწილეობის გაფართოებასთან მიმართებით“, – განუცხადა ბორტნიკმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.

ექსპერტის აზრით, პოლონეთი ახალი, მემარჯვენე პრეზიდენტის პირობებში რეგიონული ლიდერის როლისთვის აქტიურად იბრძოლებს. „მით უფრო, რომ ამ თვალსაზრისით, პოლონეთი ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს გერმანიასა და საფრანგეთს. ვფიქრობ, ამ მხრივ პოლონეთს აშშ–ის მხარდაჭერაც აქვს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ „მინსკის ფორმატის“ შეცვლის, მისი პოლონეთისა და სხვა პოლიტიკური მოთამაშეების ხარჯზე გაფართოების კუთხით, წინ რეზონანსული პოლიტიკური განცხადებები გველოდება“, – განაცხადა ექსპერტმა.

ის არ გამორიცხავს, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრისას უკრაინული მემარჯვენე ძალების „ჰეროიზაციის“ საკითხი წამოიწიოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ეს ერთი წვეთი კუპრის ამბავი იყოს, რომელიც მთელ კასრ თაფლს წაბილწავს, არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინელი მემარჯვენეების, (სტეპან) ბანდერას „ჰეროიზაციასთან“ დაკავშირებით საკითხიც დადგეს, დადგეს საკითხები, რომლებსაც თავად დუდა საარჩევნო კამპანიის დროს საჯარო გამოსვლებში სერიოზულად არ აღიქვამდა; საკითხები, რომელთა გამოსწორების პირობაც პოროშენკომ მომავალ კანონში მემარჯვენე მოძრაობის წარმომადგენელთა „ჰეროიზაციის“ კუთხით დადო, მაგრამ ეს არ გაუკეთებია“, – მიიჩნევს ბორტნიკი.

ამასთან, ის არ ვარაუდობს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტს უკრაინაში რაიმე რეალური გარღვევა მოჰყვება. „არ ღირს, რაიმე განსაკუთრებულ, რეალურ გარღვევას ველოდოთ, თუმცა რიტორიკა საინტერესო იქნება. რეალური გარღვევებისთვის პოლონეთს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტი და რესურსები არ გააჩნია“, – მიიჩნევს ექსპერტი.

 


ყველა ახალი ამბავი
0