თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მოლაპარაკებების შეჩერება ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუსა“ და „თურქული ნაკადის“ პროექტებზე, რუსეთ–თურქეთის კონფლიქტის კიდევ ერთ წახნაგად იქცა, — წერს ამერიკული გაზეთის The New York Observer–ის მიმომხილველი მიკა ჰალპერნი.
თურქეთმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის სხვა პარტნიორის ძებნა უკვე დაიწყო, თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს მოახერხოს, მიიჩნევს ანალიტიკოსი.
„ამაში იმალება პრობლემის არსი, ასევე მიზეზი, რის გამოც თურქეთი რუსეთთან კონფლიქტში ვერასდროს შეძლებს გამარჯვებას“, — წერს ჰალპერნი და ამას იმით ხსნის, რომ ქვეყანა, პრაქტიკულად სრულადაა დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე.
დაძაბულობა მოსკოვსა და ანკარას შორის არ კლებულობს.
რუსეთის მიერ თურქული ხილ–ბოსტნეულის იმპორტის შეწყვეტა თურქული ეკონომიკისთვის უკვე იქცა დიდ დანაკარგად. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ თურქეთში ტურისტული საგზურების გაყიდვა და ჩარტერული რეისების შესრულებაც აკრძალა. და თუ რუსეთის მოქალაქეები სხვა კურორტებს იოლად მოძებნიან, ანაკარა, რომელმაც 3,3 მლნ ტურისტი დაკარგა, სტუმრების ამ რაოდენობას ვერ აინაზღაურებს, დარწმუნებულია სტატიის ავტორი.
არც ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული სიტუაცია ვითარდება თურქეთის სასარგებლოდ, რადაგან ის რუსული გაზის შემცვლელს ვერ მოძებნის. მთელი საქმე თურქეთის არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ეგვიპტესთანაც ცუდ ურთიერთობებშია, რომელიც თურქეთთან გარიგებაზე იმის გამო არ წავა, რომ ანკარა „მუსლიმ ძმებს“ უჭერდა მხარს. რაც შეეხება საუდის არაბეთს, ის თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე უარს იმიტომ ეტყვის, რომ თურქეთი ერ–რიადს ზედმეტად აკრიტიკებს. ავტორი ასევე ხაზს უსვამს თურქეთის არასახარბიელო ურთიერთობებს ისრაელთან.
ამ ვითარებაში თურქეთს ევროკავშირის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინითა და მისი წარმოებული პოლიტიკით საერთო უკმაყოფილება ანკარის წისქვილზე დაასხამს წყალს. თუმცა, მიმომხილველის აზრით, თურქეთს დასავლეთის პოზიცია არასწორად ესმის, რადგან რეალურად დასავლეთი არ აპირებდა დაედანაშაულებინა რუსეთი მომხდარში, როცა თურქულმა F-16–მა რუსული სუ–24 ჩამოაგდო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ძალისხმევას არ ზოგავს ოპონენტზე ზეწოლის მოსახდენად, სწორედ რუსეთს შეუძლია ამ კონფლიქტში რეალური ზეწოლის განხორციელება.