თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. „გაზპრომმა“ და თბილისმა საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს, ამიტომაც შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსულ კომპანიასთან გამართული შეხვედრის შეჯამებისას.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მორიგი შეხვედრა ლუქსემბურგში სამშაბათს, 8 დეკემბერს გაიმართა.
„შეთანხმება საბოლოოდ მიღწეული არ არის. შეხვედრაზე ტრანზიტთან დაკავშირებით საკითხები განვიხილეთ, „გაზპრომის“ მხრარემ წინადადება შემოგვთავაზა, რომ ის 10 %, რომელსაც საქართველო ტრანზიტის შედეგად იღებს, თანხით იქნას გადახდილი. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტისგან“, — აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და თან დასძინა, რომ „შეხვედრები კვლავ გაგრძელდება“.
მისი განცხადებით, „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მინიშნება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთში გაზის მიწოდება მათ ირანის გავლით“ შეუძლიათ, რაც საქართველოსთვის მისაღები არ არის.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისი გაზის ერთ-ერთ მომწოდებლად ირანსაც განიხილავს. „ირანი — საინტერესო ბაზარია, ჩვენ ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა“, — განმარტა მან. როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, სანქციების მოხსნის შემდეგ ქართული მხარე შეხვედრების გამართვასა და თეირანთან თანამშრომლობას აპირებს.
საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია. ამჟამად საქართველოში რუსული გაზის მოწოდება სომხეთში ტრანზიტის ხარჯზე ხორციელდება, რაც ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოწოდების საერთო მოცულობის 10%-ია. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოში 300 მილიონი კუბამეტრის გაზის მოწოდება განახორციელა.