თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად მოლაპარაკებები იწყება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ხუთშაბათს, 10 დეკემბერს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინურ მხარესთან ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ჩინური მხარის სურვილია რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მოლაპარაკებები, რათა კერძო სექტორს მიეცეს ბიზნესისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა.
„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ ეს უკვე იქნება სადღაც ორი მილიარდ ორასი მილიონის მოსახლეობაზე წვდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი აქცენტები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე აგრარულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ მოლაპარაკებების ბოლოს ქართულ ღვინოს ექნება ძალიან პრეფერენციული რეჟიმი ჩინეთში შემოსვლისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.