თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო, ორი წლის შემდეგ კი ეს თარიღი ადამიანის უფლებათა დღედ გამოცხადდა.
დეკლარაცია ადამიანის უფლებათა კუთხით პირველი უნივერსალური დოკუმენტი გახდა. მის ძირითად დებულებებს თავიანთ საბაზისო კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში მრავალი ქვეყანა იყენებს. მისი პრინციპები ადამიანის უფლებების საკითხებში 1948 წლიდან დადებული მრავალი პაქტის, კონვენციისა და შეთანხმების საფუძველია. ეს დოკუმენტი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი (2009 წლის მონაცემებით, 350-ზე მეტ ქვეყანაში). ელეონორა რუზველტმა დეკლარაციას მთელი კაცობრიობისთვის „თავისუფლებების დიდი ქარტია“ უწოდა (ამიტომ დეკლარაციას ასევე „ადამიანის უფლებათა ქარტიას“ უწოდებენ).
ადამიანის უფლებების მხრივ გაეროს ეგიდით დადებული ყველაზე ფართო სავალდებულო შეთანხმებებია 1966 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ და „საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“. მიღებული პაქტების, კონვენციებისა და შეთანხმებების დაცვას ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისარიატი აკონტროლებს. უმაღლესი კომისარიატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავის წარმომადგენლებს აგზავნის, რომლებიც ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე ანგარიშებს ადგენენ. თუ უფლებები დაცული არ არის, საქმეში ტრიბუნალები ერთვებიან.