თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური ოთხშაბათს, 9 დეკემბერს.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და ამ მხრივ განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა და საერთაშორიოს თანამეგობრობის მხარდაჭერა აღნიშნა.
„ჩვენი წინსვლის აღსანიშნავად, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველო, პირველად ისტორიაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული წინსვლის მიუხედავად, მომავალში მაინც დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
„ჩვენს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ადამიანის უფლებათა დაცვა. გპირდებით, კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშავებთ მომავალში მეტი წარმატების მისაღწევად", – განაცხადა პრემიერმა.
მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება – 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს.