თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩაკ როზენბერგმა (Chuck Rosenberg) ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოთხშაბათს 9 დეკემბერს იტყობინება.
„შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს შს სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფისთვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანად წარმოებას საქართველოში“, — ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე შს მინისტრმა ბოლო პერიოდში სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და დანერგილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. ჩაკ როზენბერგმა დადებითად შეაფასა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი აშშ-ში 7 დეკემბერს დაიწყო და 11 დეკემბრამდე გასტანს. ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს სამართალდამცავის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან.