თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ ჰეიდაროვთან შეხვედრა გამართა, — იუწყება პარასკევს, 27 ნოემბერს შსს–ს პრესსამსახური.
შს მინისტრმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნო.
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი მღებრიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის უფროს ელჩინ გულიევს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საზღვრის დაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.
გიორგი მღებრიშვილი და ელჩინ გულიევი შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებები მოქალაქეებს საზღვარზე კიდევ უფრო გაუმჯობესებულ სერვისებს შესთავაზებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს, 26 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. მღებრიშვილმა ალიევთან ერთად ტერორიზმთან და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთო მეთოდები განიხილა.
საქართველოს შს მინისტრის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში 25 ნოემბერს დაიწყო.