თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი თვითიზოლაციისკენ არ ისწრაფვის, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„რაც შეეხება თვითიზოლაციისკენ სწრაფვას, სურვილს, რაღაცნაირად რომ შევიზღუდოთ, ვფიქრობ, ამგვარი არაფერია. ჩვენ ყველა თანამედროვე ადამიანები ვართ“, – განაცხადა მედვედევმა რუსულ ფედერალურ არხებთან ინტერვიუში.
მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირიც კი არ იყო მთლიანად ჩაკეტილი საზოგადოება, ხოლო თანამედროვე პირობებში სრულად ჩაკეტილი საზოგადოებების არსებობა ძნელი წარმოსადგენია.
„ამიტომ ჩვენ არანაირ თვითიზოლაციაში არ ვართ, ის არ გვემუქრება, და ჩვენი მიღებული გადაწყვეტილებებით ტკბობას არ მივცემივართ. ეს რუსი ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება ნამდვილად არ არის – რომ ჩაიკეტოს ყველა მხრიდან, შეინარჩუნოს პატრიარქალური წყობა, თქვას „აი, თქვენ, თქვენი დებულებებით ჩვენს მონასტერში ცხვირს ნუ ჩაყოფთ, თვითონ გავარკვევთ ყველაფერს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უცხოურ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მაგრამ მათთან პარტნიორობაზე უარს არ იტყვის.
„ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროიდან ის „ფანჯარა“, რომელიც ევროპაში „გაიჭრა“, არ იკეტება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქიდან ყველანაირი ნაგავი შემოვზიდოთ. რა თქმა უნდა, საკუთარი, ეროვნული ინტერესებიდან, საკუთარი პრაგმატული პოზიციებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. მაგრამ იზოლაცია, უცხოურ სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე უარის თქმა ნამდვილად არ გვემუქრება“, – დასძინა პრემიერმა.