თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა საბჭომ სამშაბათს დაამტკიცა რეფორმა, რომელიც დეფოლტისას სუვერენული მოვალეების კრედიტირებას შესაძლებელს გახდის, — განაცხადა სსფ–ის დირექტორმა რუსეთი მხრიდან ალექსეი მოჟინმა.
„მე [ამგვარი რეფორმის] წინააღმდეგი ვიყავი. სხვების შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია კონფიდენციალურობის გამო“, — აღნიშნა მოჟინმა.
როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და ადრე გაფორმებული კონტრაქტების მიმართაც იქნება გამოყენებული.
ბევრი ექსპერტის აზრით, ზემოთ აღნიშულ დოკუმენტზე სავალუტო ფონდში დაწყებული განხილვები რუსეთის მიმართ უკრაინის 3 მილიარდიანი ვალის დეფოლტის საფრთხეებსა და სსფ–ის მხრივ უკრაინის გადარჩენის მცდელობას უკავშირდებოდა. თუმცა, სსფ–ის ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მოცემული რეფორმის გატარების იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა.
შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ რუსეთმა განაცხადა, რომ მზად არის მოახდინოს უკრაინის 3 მლრდ დოლარიანი ვალის რესტრუქტურიზაცია (რომელიც ქვეყანამ მიმდინარე დეკემბერში უნდა დაფაროს) იმ შემთხვევაში, თუ აშშ, ევროკავშირი ან რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მყარ გარანტად გამოვა.
როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანაშემწემ სვეტლანა ნიკიტინამ განმარტა, რუსეთს უკრაინისთვის ოფიციალურად არ გაუგზავნია წინადადება ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე: საერთაშორისო პრაქტიკით, ეს უნდა გააკეთოს მოვალემ, რომელიც ვერ ახერხებს კრედიტის დროულად დაფარვას. რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სერგეი სტორჩაკის თქმით, უკრაინას მსგავსი წინადადება რუსეთის წინაშე არ დაუყენებია. აღსანიშნავია, რომ კიევი პირიქით, რუსეთისგან ელის ოფიციალურ წინადადებას ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე.