მარიამ კიტია: „პატარძლების“ გადაღებაზე მომავალი ქმარი გავიცანი

© photo: Sputnikმარიამ კიტია
მარიამ კიტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მსახიობი მარიამ კიტია Sputnik–ის კორესპონდენტს „პატარძლების“ გადაღებაზე, მის „შედეგებზე“, პოტენციურ შეთავაზებებსა და სხვა კარიერულ გეგმებზე ესაუბრა.

მას ამომავალ ვარსკვლავსა და თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის ერთ–ერთ ყველაზე პერპექტიულ მსახიობს უწოდებენ. მარიამ კიტია თეატრისა და კინოს ორენოვანი (ქართული და რუსული) მსახიობია. მის არსენალშია დასამახსოვრებელი როლები მოზარდ მაყურებელთა, გრიბოედოვის სახელობისა და თავისუფალი თეატრების  სცენებზე. მისი ბოლო როლი თინათინ ყაჯრიშვილის ფილმში „პატარძლები“ ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე ქალის საუკეთესო როლად აღიარეს. 

— მარი, იცით, რომ რუსული პრესა ქართველ კირა ნაითლის გიწოდებთ?

— კი, მსმენია  (იღიმება), და თანაც მარტო რუსული არა. პირველად ასე მაშინ მომიხსენიეს, როცა „პატარძლები“ ნიუ–იორკის ტრაიბეკას კინოფესტივალზე წაიღეს. იქ ჩვენი ფილმი 12 საუკეთესოს შორის მოხვდა და ადგილობრივმა კრიტიკოსებმა პირველად მაშინ მიწოდეს ქართველი კირა ნაითლი… თუმცა ახლახან ლონდონის ფესტივალზეც  აჩვენეს „პატარძლები“ და იქ საერთოდ ანა მანიანის შემადარეს. ეს, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო ფაქტია. 

საკუთარი ოჯახივით მიგვიღეს – გრიბოედოველები ციმბირის გასტროლებზე - Sputnik საქართველო
საკუთარი ოჯახივით მიგვიღეს – გრიბოედოველები ციმბირის გასტროლებზე

— გამოდის, რომ ნაითლისთან შედარება არც ისე სასიამოვნოა?

— ვიტყოდი, რომ ანა მანიანისთან შედარება უფრო მეტად მომწონს. კირა ნაითლისთან, როგორც ამბობენ, რაღაც საერთო მაქვს ფილმში „ანა კარენინა“. 

— როგორ ფიქრობთ, რატომ გადარებენ ხშირად სხვა მსახიობებს? არაქართული გარეგნობის გამო ხომ არა?

— არ ვიცი. საერთოდ, ერთი უცნაურობა მჭირს — თითქმის არცერთ როლში არ მაქვს მაკიაჟი, გრიმი, მაგრამ არცერთი ჩემი გმირი არ ჰგავს მეორეს. ეს არის ყველაზე დიდი პლუსი, რომელიც მაქვს — ჩემი აზრით. არ ვიცი, როგორ გამომდის ეს. 

— ეკრანზე საკუთარი თავი მოგწონთ?

— (ჩაფიქრდა) კი.  მაგრამ ამაზე გრიმიორები და ოპერატორები მუშაობენ და კარგადაც გამოსდით. 

კადრები ფილმიდან "პატარძლები"
კადრები ფილმიდან პატარძლები - Sputnik საქართველო
კადრები ფილმიდან "პატარძლები"

— თავი უფრო თეატრის მსახიობად მიგაჩნიათ თუ კინოსი? 

— იცით, მიძნელდება ამის თქმა. ეს კინოში ჩემი პირველი გამოცდილება იყო, სადაც მთავარი როლი შევასრულე და სამი ჯილდო მივიღე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სამ სხვადასხვა ფესტივალზე. კინოში მუშაობა საინტერესო იყო. ის ძალიან განსხვავდება თეატრალური ხელოვნებისგან. თეატრში სულ სხვანაირად თამაშობ. არ ვამბობ, რომ უკეთესად. და მაინც თავი უფრო თეატრალურ მსახიობად მიმაჩნია, იმიტომ რომ სცენაზე 5 წლიდან, ანუ უკვე 25 წელია ვდგავარ. მიუხედავად ამისა, კინოში მუშაობა ძალიან მომეწონა. გადასაღებ მოედანზე კარგი სიტუაცია იყო, რაც, უპირველესად, რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის დამსახურება იყო. მან შემოქმედებითი და ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნა მოედანზე. ამიტომაც ფილმზე მუშაობა ძალიან მოსახერხებელი იყო.  

— როგორ აგირჩიეს მთავარ როლზე?

— ზოგადად, ქასთინგებზე არ დავდივარ. ჩემ დას დაურეკეს და როცა ის ქასთინგიდან დაბრუნდა, მითხრა: „აუცილებლად წადი. ეს უბრალო შერჩევა არ არის, სადაც ფოტოებს გიღებენ. რეჟისორი ძალიან კარგი გოგოა, რომელსაც მართლა უნდა კინოს გადაღება“. და, რომ იტყვიან, ყურებით გამათრიეს სახლიდან. მივედი, რეჟისორს გავესაუბრე, მან სცენარი გამომიგზავნა, წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ვუთხარი, თეატრის მსახიობი ვარ და არ შემიძლია, გადასაღებ მოედანზე მივიდე და პირდაპირ გადაღება დავიწყო, რეპეტიცია მჭირდება–მეთქი. ამიტომ დიდხანს ვრეპეტიციობდით. 

— ეს თქვენი სადებიუტო ფილმია?

— არა. მანამდე ლევან ზაქარეიშვილის ფილმში ვითამაშე ყრუ–მუნჯი გოგონა, როცა 17 წლისა ვიყავი. თუმცა ეს ეპიზოდური და თანაც, უსიტყვო როლი იყო.  

— „პატარძლებში“ თქვენი გმირი მსხვერპლია თუ… 

— არა, მსხვერპლი არ არის. მიიჩნევა, რომ ფილმი პოლიტიკასა და ციხეზეა, მაგრამ ის, უპირველესად, სიყვარულზეა — დიდ და ნამდვილ სიყვარულზე.  

— არ  გეშინოდათ? მაინც პირველი სერიოზული როლი იყო კინოში…

— კი, ცოტა მეშინოდა, რადგან თეატრში, კინოსგან განსხვავებით, ყველაფერი პირიქითაა და ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურია. ძალიან მეშინოდა, სწორად ვმუშაობდი თუ არა, კარგად გამოჩნდებოდა თუ არა ჩემი ნამუშევარი ეკრანზე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რაც ნიუ–იორკულ, ბერლინურ და რუსულ პრესაში წავიკითხე, ყველაფერი კარგად გამოსულა. 

— „პატარძლების“ შემდეგ რამე საინტერესო ხომ არ შემოუთავაზებიათ კინოდან? 

— ისე მოხდა, რომ გადასაღებ მოედანზე მომავალი ქმარი გავიცანი, მერე დავფეხმძიმდი და ახლა ერთი წლის ბიჭუნა მყავს. ამიტომ კინოპროექტებისგან, ცოტა არ იყოს, უკანა პლანზე გადავიწიე. 

— ვინ არის თქვენი მეუღლე? ისიც მსახიობია?

— არა, მსახიობი არ არის. ის გადაღებების ლოკაციების მენეჯერია. სხვათა შორის, თინათინ ყაჯრიშვილის ძმაა. 

კადრები ფილმიდან "პატარძლები"
კადრები ფილმიდან პატარძლები - Sputnik საქართველო
კადრები ფილმიდან "პატარძლები"

— რითი მოგხიბლათ?

— უფ, წარმოუდგენელ რამეებს აკეთებდა. პირველ რიგში, ძალიან მეხმარებოდა. ახლაც სულ გვერდში მიდგას და დიდ ენერგიას მაძლევს და თავდაჯერებულობას მმატებს, რაც მუშაობაში მეხმარება. ახლახან ბარების ქსელი გახსნა თბილისში. 

— ახლა მზად ხართ საინტერესო წინადადებებისთვის? 

— იცით, ძალიან მიჭირს „ჩემი“ როლის შერჩევა. ხომ არსებობს ისეთი როლები, რომელსაც ვერაფრით შეასრულებ?

— ანუ ყველა როლზე თანახმა არ ხართ?

— არავითარ შემთხვევაში. აქამდეც ბევრი წინადადება მქონდა, მაგრამ არცერთი იყო „ჩემი“. 

— ვის როლს შეასრულებდით?

— რომელიმე ისტორიული პიროვნებისას, მაგალითად, მე–19 საუკუნისა, მიუხედავად იმისა, რომ, რადგან როლს სერიოზულად ვუდგები, ამიტომ ამა თუ იმ  ქვეყნისა და ეპოქის სრულად შესწავლა მომიწევდა, რათა სწორად დამეჭირა თავი, სწორად მემეტყველა. 

— საქართველოში ხშირია ასეთი სერიოზული კინოპროექტები?

— სამწუხაროდ, არა. და მიდგომაც, უმეტესწილად, ძალიან არასერიოზულია ხოლმე. დიდი ქართული კინო კომერციულისკენ იხრება, რაც გასაგებია კიდეც ჩვენს დროში… 

— უცხოელი კინორეჟისორები ხომ არ დაინტერესებულან თქვენით?

— ზოგადად, ბევრი წინადადება უნდა მქონოდა, მაგრამ ინგლისური არ ვიცი, ახლაღა ვსწავლობ მას სერიოზულად. ბერლინალეს შემდეგ შემაწუხეს, როგორ, ინგლისური არ იციო?!

— მარი, თქვენ შემოქმედების ოჯახიდან ხართ.

— მამა რეჟისორია (გია კიტია, — რედ.), დედა — ბალერინა (ლიუბა შკუნოვა), და — მხატვარი. ასე რომ, შემოქმედებით–თეატრალური ოჯახიდან ვარ. ისე გამოვიდა, რომ  ბავშვობიდან თეატრში გავიზარდე, ძალიან კარგ თეატრში, რომელიც ახლა აღარ არსებობს. 

— რომელში?

— რუსულ მოზარდამაყურებელთა თეატრში, სადაც მამაჩემი იყო რეჟისორი. იქ ძალიან კარგი მსახიობები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ. დღემდე მხვდებიან ის ბავშვები, ვინც ჩვენს სპექტაკლებზე დადიოდნენ, მცნობენ და მეკითხებიან, თქვენ თამაშობდით პატარა პრინცსო? იცით, ისინი სულ სხვანაირები არიან — თვალები უბრწყინავთ, იმიტომ, რომ სიკეთეს ვასწავლიდით. ისინი აბსოლუტურად სხვანაირები არიან, სხვაგვარად ცხოვრობენ და ძალიან მიხარია, რომ იმ უმძიმეს 90–იანებში გაწეულმა მცდელობამ ამაოდ არ ჩაიარა. ამ ადამიანებს დღემდე ახსოვთ სიკეთე. 

— ახლაც ხომ ჩუქნით პატარებს სიკეთეს გრიბოედოვის თეატრის სცენიდან, სადაც სპექტაკლებზეც დარბაზები ივსება? 

— კი, ბევრ საბავშვო სპექტაკლს ვთამაშობთ და იმ ბავშვების შთამომავლები დადიან  ჩვენთან. 

— როგორი პროგრამა გაქვთ საახალწლოდ?

— „საახალწლო ზღაპარი“, „თორმეტი თვე“, „მოროზკო“, „მაუგლი“, „ზღაპარი მეფე სალტანისა“. ახლა „კუზიან კვიცს“ ვდგამთ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი სიამოვნება — ეს ბავშვებისთვის შესრულებული როლებია. 

ყველა ახალი ამბავი
0