ციმბირის ქალაქებში დიდი საგასტროლო ტურისა და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრეს თბილისის ა. ს. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელებმა და მსახიობებმა.
ციმბირელებს გრიბოედოველებმა უჩვენეს ლევ ტოლსტოის მოტივებზე აგებული სპექტაკლი "ჰოლსტომერი. ცხენის ისორია", რომლის ავტორიც თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და ცნობილი ქართველი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია.
"მე ძალიან მიხარია, რომ საშუალება მოგვეცა, დაგვენახა ნამდვილი რუსეთი, ნამდვილი ციმბირელები. სპექტაკლები შესანიშნავად ჩატარდა. ჩვენ ხუთ ქალაქში ვიყავით, დავდგით 8 სპექტაკლი. ყველა მათგანმა ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლების დასრულების შემდეგ მაყურებლები ფეხზე დგომით ხანგრძლივად უკრავდნენ აპლოდისმენტებს, ანუ ღირსეულად მიიღეს", – განაცხადა ვარსიმაშვილმა.
2015 წლის 16–26 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრის დასმა ციმბირის ხუთი ყველაზე დიდი ქალაქი მოიარა: ტომსკი, კემეროვო, ბარნაული, ნოვოსიბირსკი და ომსკი. 2013 წელს ციმბირში ჩატარებულმა სპექტაკლმა რუსეთის XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის გრან–პრი "ოქროს რაინდი" აიღო. ის გიორგი ტოვსტოგონოვსა და ევგენი ლებედევს მიუძღვნეს.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა, გრიბოედოვის თეატრის დასი ციმბირში გამოსვლით მოხარული იყო, რადგან ისინი მაყურებელმა ზეიმით მიიღო და ქართველი მსახიობების ხელვნება შეაფასა.