თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი დახმარება აღუთქვა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო სამშაბათს, 8 დეკემბერს.
კვირიკაშვილსა და მიტოვს შორის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბულგარეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა.
„ბულგარეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და მზადაა ინტეგრაციის პროცესში მეთოდური და ლოგისტიკური დახმარება გაუწიოს ქვეყანას“, — ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვენს ციტირებს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური.
ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალზე, რასაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულება შეუძლია.
„ მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მის კოლეგას ბულგარეთის მიერ ნატოს "ღია კარის" პოლიტიკისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ინიციატივებში მონაწილეობისათვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა მისა, საქართველოში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და 2016 წელს თბილისში დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ საკითხები განიხილეს.