თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებულმა პრობლემებმა, რომლებიც მიგრაციულ პროცესებსა და ტერორისტულ საფრთხეებს უკავშირდება, შესაძლოა, რაღაც კუთხით, დადებითი გავლენაც კი მოახდინოს საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.
„ჩვენ ზუსტად ვიცით განწყობები ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში და გვჯერა, რომ მიგრაციულ პროცესებსა და ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებული პრობლემები გავლენას არ მოახდენს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. პირიქით, შესაძლოა, რაღაც საკითხებში დაჩქარებული წესით წინ წავიწიოთ კიდეც“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა სამშაბათს, 8 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მეორე ფაზის სამოქმედო გეგმის (VLAP) 15-დან 7 ძირითადი მოთხოვნა შეასრულა.