ნინო ცხოიძე
გასული კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა მძღოლებისთვის მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა, რამაც 2005 წლის შემოდგომაზე გამართული აქციები გამახსენა. მაშინაც მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელები აქტიურობდნენ და ამ კატეგორიის მანქანების მოსალოდნელ აკრძალვას აპროტესტებდნენ. აქციებს საქართველოს საავტომობილო ფედერაცია და მისი პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე უჭერდნენ მხარს. რამდენიმე აქციის შემდეგ პარლამენტში არამც თუ საკითხის განხილვა, კანონ-პროექტის ინიციატორის მოძებნაც კი გაჭირდა. მას შემდეგ ეს თემა დახურულად ჩაითვალა. თუმცა რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის საერთაშორისო სამიტიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხვა პრობლემებთან ერთად, მარჯვენასაჭიანი მანქანების მოჭარბებაც დაასახელა. ითქვა, რომ ქვეყანამ უნდა განსაზღვროს, შეიცვალოს მოძრაობის არსებული სისტემა, თუ შეიზღუდოს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია საქართველოში. ამ განცხადებას მაშინვე საპროტესტო განცხადებები მოჰყვა, 6 დეკემბერს კი ქუთაისში აქციაც გაიმართა დევიზით: „ჩვენ არ ვართ საშიშები“. მძღოლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი მანქანების ავარიის ფაქტები შეფასებული არ არის და თუ ამ კანონ-პროექტის განხილვა მაინც მოხდება, უფრო ფართო მასშტაბიანი პროტესტიც არ დააყოვნებს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს, რომ ეს ჯერ არც კანონია და არც ნორმა. ამდენად, შემოყვანილ მანქანებსაც და უკვე უცხოეთიდან გამოწერილსაც, პრობლემა არ შეექმნება. ხოლო როდის აიკრძლება ამ მანქანების დარეგისტრირება, ჯერ გარკვეული არ არის. მიუხედავად ამისა, კრიტიკა და პროტესტი ტელეეკრანებიდან არ შეწყვეტილა და უკვე ქუჩაშიც გადაინაცვლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით ამ კატეგორიის მძღოლებს მიმართა.
არჩილ თალაკვაძე: „ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მშვიდად ატარეთ თქვენი ავტოები, მათ არავინ ეხება. შეგიძლიათ მომავალში გაყიდოთ და მარცხენით შეცვალოთ. შეგიძლიათ სპორტული შეჯიბრისთვის გამოიყენოთ. ვისაც უკვე ნაყიდი გყავთ და გზაშია, ისინიც დაარეგისტრირეთ უპრობლემოდ. იაპონიიდანაც შეძლებთ მარცხენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანას ყოველთვის. თუ ვინმე მოგიწოდებთ იმის დასაცავად და მოსაპოვებლად, რაც უკვე გაქვთ, თქვენ შეცდომაში შეჰყავხართ. აქციაზე სჯობს განიხილოთ, რომელი ავტომობილებით უნდა იარონ თქვენმა შვილებმა ხვალინდელ საქართველოში? საით უნდა დაიგეგმოს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში, თუ კი ორივესაჭიანი მანქანების რაოდენობა მალე გათანაბრდება? უნდა ვუყიდოთ თუ არა ცოლებს, ქმრებს და შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, როცა ჩვენ მარცხენასაჭიანს ვარჩევთ ჩვენთვის? თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე?.. ღიად დაუჭირეთ მხარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას — ეს პროგრამა მხოლოდ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ ეხება და ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად“.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერასაც მინდა გამოვეხმაურო, რადგან ქუთაისში, პარლამენტთან ჩატარებული აქციის პარალელურად, თბილისში არსებული პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თუმცა, იგი არა მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლების, არამედ ქვეითადმოსიარულეთა მხარდასაჭერად გაიმართა. ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ტროტუარებზე გაჩერებული მანქანის საჯარიმო სადგომზე გადატანის ასაცილებელად მომზადებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ზვიად ტომარაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო ეს საკითხი. ავტორები მზად არიან დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ და ფეხითმოსიარულეთა ინტერესებიც გაითვალისწინონ.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის პოზიციას, ამჯერად ის ძველისაგან ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა.
შალვა ოგბიაძე: „ამჯერად, ამ საკითხს ორ ნაწილად გავყოფდი. პოზიტიურად მიმაჩნია ის მომენტი, რომ ამ საკითხზე დავა, მსჯელობა დაიწყო და დრაკონული კანონი არ იქნა მიღებული. რაღაც შეთანხმებამდე აუცილებლად მივალთ. გაუგებარია შემოყვანის ნებართვა და რეგისტრაციის აკრძალვა. თუმცა, აშკარაა, რომ უკვე შემოყვანი, განბაჟებულ და რეგისტრირებულ მანქანებს პრობლემა არა აქვთ. პრობლემა არა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებია, არამედ ქვეყნის ინფრასტრუქტურა. აქ ჩვენ მართლაც გვჭირდება გარკვევა, სად არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ჩვენ უნდა გადავხედოთ, რომელ მხარეს მოძრაობიან ქვეყანაში გვსურს ცხოვრება.“
ერთი რამ უდაოდ საგულისხმოა, პროტესტი იწყება ბევრად უფრო ადრე და საკმაოდ მძაფრადაც, ვიდრე რაიმე რეგულაცია იქნება მიღებული. ვიღაცას, როგორც ჩანს, ამ საკითხების პოლიტიზირებაც სურს, რომ ქვეყანაში უკმაყოფილება გაიზარდოს. არჩევნებამდე 11 თვე დარჩა. რამდენი საპროტესტო აქციის მომსწრენი ვიქნებით ქვეყნაში, ჯერ ძნელი სათქმელია. მაგრამ აქციები რომ მოსალოდნელია, ამის მიხვედრა ნამდვილად არ უნდა იყოს რთული.