თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ორშაბათს, 7 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, „საგურამოს“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრო, იტყობინება ენერგეტიკის სამინისტრო.
„საგურამოს“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთ. „საგურამოჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და მასში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები — სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი.
ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.
„ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ზამთრის დეფიციტი. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.