თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სამოქალაქო ავიაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართველ ავიატორებთან შეხვედრისას, რომელთაც მინისტრმა ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების (CAA-A), აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ევროპული რეგულაციების დანერგვას საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში.
„ეს ნიშნავს, რომ ვალდებულებების შესრულების შემდგომ ქვეყანას ექნება ერთიანი საჰაერო სივრცე ევროპასთან, უფრო მაღალი — ევროპული სტანდარტები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მისი ზედამხედველობის, მგზავრთა უფლებების დაცვის, საავიაციო ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტთა კვალიფიკაციის, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, უშიშროების და სხვა ძირითადი მიმართულებების კუთხით“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება უკვე არსებულ შედეგებს: საავიაციო ორგანიზაციებში გაწევრიანება, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ავიკომპანიების მოზიდვა, შიდა ფრენების სტიმულირება — მინისტრის თქმით, ბოლო სამი წელი ამ მიმართულებების მხრივ ძალიან წარმატებული იყო.
„საქართველო გახდა ავიაციის სფეროში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უწყების, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) რიგით მე-40 წევრი; საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ Atlasjet, Air Arabia, Air Cairo, Air Onix, Transaero, Aeroflot, ISRAIR, Al Naser Airlines, Iraqi Airways, Ellin air, Borajet, Enter Air, Bek Air, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: Wizz Air (Hungary), Dniprovia, YanAir; საჰაერო მიმოსვლა დაიწყო ახალი მიმართულებებით: შარჟა, ჰურგადა, შარმ ელ შეიხი, სიმფეროპოლი, ბასრა, ალ-ნაჯაფი, ბაღდადი, ერბილი, სულეიმანია, სალონიკი, კატოვიცე, ბუდაპეშტი, ვილნიუსი; აღდგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის; სრული დატვირთვით ამუშავდა ქუთაისის აეროპორტი, ამოქმედდა ორი ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი („მიმინო“ „ნატახტარი“); მთავრობის ხელშეწყობით აღდგა რეგულარული ფრენები მესტიის მიმართულებით“, — აღნიშნა მინისტრმა.