წლის დასაწყისიდან ავიაგადაზიდვები რუსეთის მიმართულებით 92%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიМеждународный аэропорт "Шереметьево"
Международный аэропорт Шереметьево - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მნიშვნელოვანი 84%-იანი ზრდა თბილისი - მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაში დაფიქსირდა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მიმართულებით მგზავრთნაკადი 92 %-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 15 სექტემბერს, სამშაბათს, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში ღია ცის პოლიტიკის განხორციელებამ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა განაპირობა, რაც ნათლად აისახა ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციასა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატებაზე.

 "კერძოდ 2015 წლის იანვრ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1 501 748 მგზავრი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 10%-ით მეტია (1 365 213 მგზავრი)" — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 "ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თბილისი — მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაში დაფიქსირდა- კერძოდ გვაქვს 84%-იანი ზრდა" — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ორი ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების მიერ ჯამში 179,602 მგზავრია გადაყვანილი, რაც 84 %-ით (81 776 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. თბილისი — მოსკოვის მიმართულებით რეისებს 4 კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტი მგზავრი — 52 436 — „ჯორჯიან ეარვეისს“ ჰყავს გადაყვანილი, მეორე ადგილზეა „სიბირის“ ავიახაზები გადაყვანილი 50 516 მგზავრით, მესამეზე კი "აეროფლოტი“ — 47 899 მგზავრით. მეოთხე და ყველაზე ნაკლები მგზავრი გადაყვანილი ჰყავს „ტრანსაეროს“ — 28 751 მგზავრი.

 "ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სახეზე გვაქვს პირდაპირი შედეგი იმ დიდი მუშობისა რომელიც გაწეულ იქნა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ, რათა აღდგენილიყო 2008 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი რეგულარული რეისები“, — თქვა მინისტრმა.

 საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლების ტექნიკური კონსულტაციების შედეგად, ქვეყნებს შორის სიხშირეებისა და ავიაგადაზიდვების გეოგრაფიულ  არეალზე, რომელიც 2015 წლის აპრილის შუა რიცხვებში დასრულდა, გარდა თბილისი-მოსკოვის რეისისა, მიღწეულ იქნა შეთანხმება რეგულარული  ავიაგადაზიდვების განხორციელებაზე რუსეთის სხვა ქალაქებთანაც. 

 კერძოდ, ქართული ავიაგადამზიდავები განახორციელებენ ავიარეისებს რუსეთის შვიდი ქალაქის მიმართულებით: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, მინვოდი და როსტოვი. რაც შეეხება რუსულ ავიაკომპანიებს, ისინი იფრენენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0