თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის „გიუნეშლის“ საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული 29 ადამიანიდან, სამძებრო ოპერაციის შედეგად, ექვსი ცხედარი იქნა ნაპოვნი. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრი ავრცელებს, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.
აქედან გამომდინარე, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7-ს მიაღწია.
„ექვსიდან ორის —ფუად ტაგიევისა და აგი მაჰმუდოვის ცხედრები უკვე ნაპირზე გამოიტანეს. გარდაცვლილები საგანგებო სიტუაციების თვითმფრინავების დახმარებით, „გიუნეშლის“ პლატფორმიდან 65-70 კმ-ში იქნა ნაპოვნი“, — ნათქვამია განცხადებაში.
4 დეკემბერს აზერბაიჯანში, „გიუნეშლის“ ნავთობსაბადოს მე-10 პლატფორმაზე ხანძარი გაზსადენის დაზიანების გამო გაჩნდა. ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაციის ჩატარების შედეგად, 33 ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.