თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და ბულგარეთს შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, აღნიშნულია საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ორშაბათს, 7 დეკემბერს.
მემორანდუმს ბულგარეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ბულგარელმა კოლეგამ ბოიკო ბორისოვმა მოაწერეს ხელი.
მანამდე ორი ქვეყნის პრემიერებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები გამართეს, სადაც საუბარი საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს შეეხო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას „ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ნატოს არსებითი პაკეტის ელემენტების განხორციელებაში ჩართულობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არის და იქნება საიმედო პარტნიორი ბულგარეთისთვის“, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ბულგარეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი დოკუმენტი – ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოსა და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა – ოთარ დანელიამ და დესისლავა ტანევამ მოაწერეს ხელი.
საქართველოს დელეგაცია ბულგარეთში დღეს გაემგზავრა. დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია არიან.