თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გამარჯვებულმა კომპანია შპს „არქიტექტურულმა ბიურომ“ გამართა, რომლის წარმომადგენლებმაც შეხვედრის მონაწილეებს ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითრების კონცეფციის ჩარჩო-გეგმა გააცნეს, იუწყება ქალაქ თბილისის მერიის პრესსამსახური შაბათს, 5 დეკემბერს.
კონცეფციის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და ტყე-პარკი მოეწყობა. გეგმის თანახმად, ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ/კვ ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელშიც საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სტუდენტური სასადილო განთავსდება.
გარდა ამისა, კონცეფციის მიხედვით, გმირთა მოედნიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე დაგეგმილია ველოსიპედების ტრასების მოწყობა. წარმოდგენილი კონცეფციით ტყე-პარკი 300 000 მეტრკვადრატ ტერიტორიაზე გაშენდება.
"რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება რეკრეაციული სივრცე, ასევე შემოთავაზებულია საგანმანათლებლო ცენტრისა და სპორტული კომპლექსის, საფეხმავლო და ველო-ბილიკების გაკეთება. ამ ტერიტორიაზე მოეწყობა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომ ეს ადამიანები არასოდეს დაგვავიწყდეს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უსაფრთხოება. სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი კორპუსები აქ არ აშენდება, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია. რეკრეაციულ განვითარებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ტერიტორიის მოსამზადებელ სამუშაოებს ვეცდებით 2016 წელს დავასრულოთ“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისში 13 ივნისის ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ვერეს ხეობა ძლიერ დააზიანა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ასევე დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.