თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა თბილისში იან კელიმ განაცხადა, რომ სჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ნატო-ს მინისტერიალზე მონტენეგრომ მიიღო მიწვევა ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,“ — განუცხადა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.