თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ტელეკომპანია „იმედის“ ორგანიზებით, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტ Voice-საქართველოს კონცერტი გაიმართა, — იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
კონცერტი 3 დეკემბერს ჩატარდა და მას მსჯავრდებულებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი და მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დაესწრო, რომელიც საქართველოში პენიტენციური სისტემის მუშაობას ეცნობა.
ღონისძიებაზე შეკრებილებს თამარ ხულორდავა და მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ედუარდ სერბენკო მიესალმნენ და პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას, დაწესებულების დირექტორს, რომ ამ საოცრად კარგ კონცერტზე დასწრების საშუალება მოგვცეს. ამ ყველაფრით კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს უწყება, რამდენად აქტიურად არის ჩართული დაწესებულებების ყოველდღიურობაში და შედეგიც სახეზეა“, — განაცხადა ედუარდ სერბენკომ.
თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ ეს დღე მსჯავრდებულებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც მათ საშუალება მიეცათ, თავიანთი ნიჭი წარმოედგინათ.
მისი განცხადებით, „რესოციალიზაციის კუთხით მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რესოციალიზაცია ერთი კონკრეტული ქმედება ან აქტივობა არ არის, ეს არის პროცესი. ამ ადამიანებს უნდა აჩვენო, რომ მათში არის დადებითი პოტენციალი და დღევანდელი დღე ამის კარგი მაგალითი იყო“.
პროექტის მწვრთნელები ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი მაყურებლის წინაშე ლაივ–შოუს 24 მონაწილესთან ერთად წარდგნენ, რომელთა შორის მსჯავრდებული თეონა ყოლბაიაც იყო. ის პროექტში წარმატებით მონაწილეობს. ღონისძიებას Voice-ის წამყვანები დუტა სხირტლაძე და ეკა ამირეჯიბი უძღვებოდნენ.
კონცერტის დასასრულს, არტთერაპიის ფარგლებში შესწავლილი მუსიკალური ნომრები მსჯავრდებულებმაც შეასრულეს.
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად მიხანაშვილმა კონცერტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მსჯავრდებულ თეონა ყოლბაიას წარმატება და პროექტში გამარჯვება უსურვა, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.