თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. თბილისში გაიმართა საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია, რომლის მიზანიც პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებაა, — იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი აშშ–ისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის (საერთაშორისო ხელშეკრულება) ფარგლებში, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ დააფინანსა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
„საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, როგორც ფორმალურ, ასევე არა-ფორმალურ განათლების სისტემაში. დააფინანსდება პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას, აღწერას, განვითარებას და გავრცელებას“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაწესებულებას, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მცირე საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 250,000 აშშ დოლარი. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან — 10,000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს გერმანული საკონსულტაციო კომპანია PEM Consult, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.